დაშინებულები იყვნენ როგორც მშობელი, ისე ბავშვი – საია მოზარდის შესახებ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, რეზო აჭარაძის თქმით,  მოზარდის ნათესავები, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო სცადა, მას 12 დეკემბერს დაუკავშირდნენ. იმავე დღეს ის იაშვილის კლინიკაში შეხვდა მოზარდის დედასა და ძმას.

მოზარდი პოლიციის განყოფილებაში ორჯერ გამოიკითხა. რეზო აჭარაძის თქმით, რთული იყო 10 დეკემბრის დღე. განყოფილებაში დედასთან ერთად მოზარდმა 6 საათი დაჰყო. გამოკითხვაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა. რამდენიმე მათგანი აგინებდა მოზარდს და ემუქრებოდა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი პირიც, რომელმაც რამდენიმე წუთით მოზარდი მარტო გაიყვანა და, როგორც დედა ამბობს, ბავშვი ოთახიდან ატირებული გამოვიდა. მოზარდს დიღმის მასივში „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდნენ.

„დაგვირეკა ნათესავმა. ჩემი ნომერი ჰქონდა და მერე მშობელს გავესაუბრე, მივედი იაშვილში. დედასა და ძმას ვესაუბრე. დედა ესწრებოდა გამოკითხვას, როგორც დედამ მითხრა, ადგილზე ძალადობა ისეთი ინტენსიური იყო, რომ ვერაფერი მოიმოქმედა. იძულება, მუქარა, გინებაც იყო. დაშინებულები იყვნენ როგორც მშობელი, ისე ბავშვი. დათრგუნვა მიდიოდა.

როგორც კი შევიდნენ, თავიდანვე არ დაუწყიათ ასეთი საუბარი. როგორც დედა ჰყვება, ნელ-ნელა უფრო და უფრო გამძაფრდა და არაერთი პოლიციელი მონაწილეობდა. ხელმძღვანელებიც იყვნენ, სხვა პოლიციელებიც. 10 დეკემბერს მთელი საღამო გააჩერეს. 5-ზე მივიდნენ და სახლში 12-ზე დაბრუნდნენ. 5-6 საათი ჰყავდათ. 11-ში მივიდნენ, რადგან უკვე დაიყოლიეს აღიარებაზე. ჩვენება ვერ დაასრულეს 10-ში და მეორე დღეს აღიარებული ჩვენება რომ დაესრულებინათ, მშობელმა მიიყვანა.

11-ში უკვე, როცა ისე არ აღიარა, როგორც მათ სურდათ, უთქვამთ, ისე გამოვიძიებთ, როგორც გვინდაო. ასე დაასრულეს კომუნიკაცია მშობელთან და ბავშვთან.

დაკითხვაში მონაწილეობდა არაერთი თანამშრომელი. მშობლის თქმით,  რაღაცაზე მოგვაწერინეს ხელიო, ჩვენება არ დაუბეჭდავთო. რამდენიმე გამომძიებელი იყო, რომელიც ტკბილი სიტყვით ცდილობდა დაყოლიებას. იყვნენ პოლიციელები, რომლებიც იგინებოდნენ და იყო ხელმძღვანელი პირიც, რომელმაც რამდენიმე წუთით მშობლისგან განცალკევებით გაიყვანა. სავარაუდოდ, უფროსის ან მისი მოადგილის ოთახში 2-3 წუთი ჰყავდაო და ბავშვი ატირებული იყოო. ეს მოხდა 10 დეკემბერს“, – ამბობს რეზო აჭარაძე.

11 დეკემბერს განყოფილების დატოვების შემდეგ მოზარდი სახლიდან 3 საათზე გავიდა და, გავრცელებული ინფორმაციით, 5:30-ზე გადახტა კორპუსის მეცხრე სართულიდან.

მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს სამინისტროს განმარტებით მიხედვით, მოზარდი მშობლის გარეშე არ დაუკითხავთ და განყოფილებაში დედას პოლიციელების მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვამს.