დასკვნა ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი – ნიკოლაძე

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ, ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მისი თქმით, 12 სახის დაზიანება მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რის შემდეგაც ის გადააგდეს მდინარეში და სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა ასფიქსია, ანუ დახრჩობა.

„მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით დახრჩობის მიზეზი არის ასფიქსია. გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობაა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, ნიშნავს, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შემდეგ გადააგდეს მდინარეში და დადგა ლეტალური შედეგი”,  – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ოჯახი კონკრეტული ადამიანების დასჯას მოითხოვს.

„ამ დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება – ეს დაახლოებით 12 სახის დაზიანებაა – მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, წაქცევის დროს. ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რაც შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და ეს სწორი კვალიფიკაციაა. თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით“, – ამბობს ნიკოლაძე.


ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

LB loan image desktop LB loan image mobile