კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაწყებული ოპტიმიზაცია. სააგენტოს ცნობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 22-ით შემცირდა.
„სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით. ხელფასი მოემატა შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას (საშუალოდ, 350 ლარით) და შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1000 ლარზე ნაკლები“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი და სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედ მუზუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომია მიენიჭა.
„კერძოდ, განვლილი პერიოდის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის რესურსი (რომლის უმეტესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი) საკმარისი არ არის როგორც სააგენტოს მიერ დაგეგმილი ან/და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილი კონტროლის, ისე – რეგიონებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს დაემატა 26 ახალი შტატი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამსახურში შეიქმნა რეგიონული დანაყოფები – იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის, სადაც გადანაწილდა 26 საშტატო ერთეული (17 ახალი შტატი, 9 – არსებული, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან).
სააგენტოს ცნობით, უწყებას დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომიურობა მიენიჭა, როგორც სამუზეუმო, ისე საგანმანათლებლო კუთხით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ანი შეროზია Facebook-ზე წერს, რომ ის და მასთან ერთად სააგენტოს 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.
შეროზიას თქმით, ის სააგენტოში 2016 წლიდან მუშაობდა და იყო არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალების რესტავრატორი. შეროზიას განცხადებით, გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა აპირებს სააგენტოსთან დავის დაწყებას და საკუთარი უფლებების დაცვას.