„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 20-მდე თანამშრომელი გაგვათავისუფლეს“ - შეროზია

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ანი შეროზია Facebook-ზე წერს, რომ ის და მასთან ერთად სააგენტოს 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.

„კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მორიგი რეპრესიული წმენდა დაასრულა. რეპრესიების შედეგად გაათავისუფლეს 20 თანამშრომელი ( ამ მომენტში რაც დავითვალე). ესენი არიან რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები“, – წერს ის.

შეროზიას თქმით, ის სააგენტოში 2016 წლიდან მუშაობდა და იყო არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალების რესტავრატორი. შეროზიას განცხადებით, გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა აპირებს სააგენტოსთან დავის დაწყებას და საკუთარი უფლებების დაცვას.

„კონკრეტულად ჩემზე რომ ვთქვა, 2016 წლიდან დღემდე, სააგენტოში (რომლის შემადგენლობაში 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია) ვიყავი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი. გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა ვაპირებთ დავის დაწყებას ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად, მეცნიერების დასაცავად“, – წერს ის.

დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „პუბლიკა“ ცდილობს დაუკავშირდეს უშუალოდ შეროზიას და სხვა გათავისუფლებულებს და მიიღოს ოფიციალური განმარტება სახელმწიფო უწყებისგან.


მას შემდეგ, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, კულტურის სამინისტრომ სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით გათავისუფლდნენ და გასაუბრებები, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა თანამშრომლებთან ჩაატარა, არ ეხებოდა პროფესიულ საკითხებს.

სამინისტროდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებების სერიებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც პერიოდულად იმართებოდა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნეს დამოუკიდებელი პროფკავშირიც.

კულტურის სამინისტროდან და მის ქვეშ არსებული სსიპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.

მასობრივი გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კულტურის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებს სასამართლო პროცესი მოუგო და სასამართლომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. 

 

LB loan image desktop LB loan image mobile