„დაუმორჩილებლობას ვაცხადებ... ისევ დავიწყე შიმშილობა“ - ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი ციხიდან

პუბლიკა

ადვოკატი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს ავრცელებს. როგორც წერილში ჯავახიშვილი წერს, მან კვლავ დაიწყო შიმშილობა და დაუმორჩილებლობას აცხადებს.

„მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ . ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.

ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა, ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას. განა რამდენს დაგვიჭერენ?!

არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც.

მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.

ჩემი პასუხია „შეტევაზე -შეტევით“  არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან.

დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი ჩვენ ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ, ჩამოინგრევა ეს რეჟიმი , ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს. მინდა თხოვნით მოგიწოდოთ სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- წერს წერილში ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ადვოკატის ცნობით, 25 იანვარს, ჯავახიშვილი საკანში მარტო გამომამწყვდიეს იმის გამო, რომ დაესაჯათ და ტელევიზორიც წაართვეს. როგორც ადვოკატი განმარტავდა, ჯავახიშვილის დასჯის მიზეზი ის იყო, რომ მან ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 27 იანვარს ჯავახიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე შიმშილობა შეწყვიტა.

11 იანვარს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა.