„დაუშვებელი ცენზურა და პოლიტიკური ჩარევა" - EFJ საზმაუს გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

„ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“ მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც გმობენ არხზე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის პატიმრობის არასათანადო გაშუქებასა და გადაწყვეტილებას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის 18:00-საათიანი გამოშვებიდან ჩახსნის შესახებ მიუღებელ ცეზურას უწოდებს.

„EFJ ამ გადაწყვეტილებას დაუშვებელ ცენზურად და პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს. მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს ჩაერთოს პროცესში. თუ უსამართლოდ დასჯილ ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ აღადგენენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან“.

EFJ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ, რათა მათ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე რეპრესიები, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და ყველა სინდისის პატიმარი.


4 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა დაწერა, რომ 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.

ტელეწამყვანმა გაავრცელა პირველი არხის ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად სახელდება „მოამბის“ პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.

როგორც მან აღნიშნა, არხის ოფიციალური პოზიციით  „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება  საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წაყვანის ვალდებულება“.

ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.