„დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი" - ურბანული განვითარების ინსტიტუტი

პუბლიკა

„ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის წარდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის, უფრო მეტიც, ალბათ თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ მასშტაბისა და სიმაღლის მშენებლობისთვის შესაბამისი იყოს”, – ასე აფასებს ურბანული განვითარების ინსტიტუტი ფონდი „ქართუს” პროექტს. გთავაზობთ განცხადებას:

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საპროექტო ტერიტორიას დღეს გენ-გეგმის მიხედვით მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ხოლო პროექტით მოთხოვნილია სარეკრეაციო ზონა შეიცვალოს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით, რაც მიწის ნაკვეთს მშენებლობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ანიჭებს.

მერიაში წარდგენილ ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ შემდეგ რეკომენდაციებს: „ახალი მოცულობის დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არსებული ლანდშაფტის შესაბამისი მასშტაბი. ახალ არქიტექტურულ კომპოზიციაში აქტიური ვერტიკალური განვითარება მისაღებად არ მიმაჩნია. სასურველია განაშენიანება განვითარდეს ბორცვის გაყოლებაზე გრძივი ფორმით, ისე რომ არ გადაიფროს ხედები ზედა უბანზე”.

პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საკითხის დამუშავებისას არქიტექტორებმა გაითვალისწინეს მკვლევარის მიერ ჩატარებული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რაც არის ცალსახად სიცრუე.

პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება 1000 ავტოსდგომი, ანუ პროექტი ითვალისწინებს მინიმუ 1000 ავტომობილის ყოველდღიურ შესვლა-გამოსვლას ტერიტორიაზე. სატრასპორტო კვლევის ველი არ იხსნება, სიტყვაზე ვენდოთ, თუმცა რამდენადაც არ უნდა სცადო დასაბუთება, რომ ლაგუნ-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 დამატებითი ავტომობილის კონცენტრირება ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს არ გადატვირთავს, მაინც დიდი სიცრუე იქნებოდა.

პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ტერიტორიას აქვს სამი შესასვლელი, მათ შორის ერთი გმირთა მოედნის მხრიდან, თუმცა საპროექტო მასალებში მხოლოდ ორი შესასვლელია გათვალისწინებული.

გმირთა მოედნის გარშემო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა არქიტექტურული იერსახე და ურბანული სტრუქტურა. თუმცა პროექტით გათვალისწინებული მოცულობა კრიტიკულ ზიანს მიაყენებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განშლას და ისტორიული დაცვის არეალს.

საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს „ქართუს” საკუთრებას. დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი”, – ნათქვამია განცხადებაში.