ფოტო ► რისი აშენება სურს ფონდ „ქართუს" „ლაგუნა ვერეს" გვერდით

პუბლიკა

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება სურს.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დამკვეთი კომპანიაა „კოსტავას 69″, რომლის დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ”. ამასთან, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში, წარმოადგენს 33 530კვ.მ-ს.

სართულების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 65. ტერიტორიის ფარგლებშივე გეგმარდება განვითარებული მიწისქვეშა ავტოსადგომი კომპლექსში შემავალი კომერციული სივრცეების ვიზიტორთა და მაცხოვრებელების ავტომანქანისთვის (ავტოსადგომების რაოდენობა დაახლოებით 1000 ერთეული).

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.

„ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა საფეხური უნდა გაიაროს, რის შესახებაც „პუბლიკა” მკითხველს ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.