დევნილთა სააგენტოს განცხადებით, 2026 წელს 10 000-ლარიან კომპენსაციას, დაახლოებით, 11 ათასი ადამიანი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახები 2027 წელს დაკმაყოფილდებიან.
სააგენტოს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად 40 000-მა ადამიანმა მიმართა.
„კომპენსაციის პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად, შესაბამისი რესურსებიც იქნა სააგენტოსთვის გათვალისწინებული.
მიმდინარე წელს ამ რესურსით შევძლებთ სავარაუდოდ 11 ათასი ადამიანის უზრუნველყოფას, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი 29 ათასი ადამიანი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
მისივე თქმით, ახლა ამოწმებენ ოჯახებს იმის გამოსარიცხად, რომ არ მოხდეს ოჯახების ხელოვნური გაყოფა დამატებითი კომპენსაციის მისაღებად.
დევნილთა კომპენსაციის პროგრამისთვის თავდაპირველად 58 მილიონი ლარი გამოიყო. მოგვიანებით 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და პროგრამისთვის დამატებით 50 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამის ბიუჯეტი 108 მილიონი ლარი გახდა. 2026 წელს ეს პროგრამა 10 800 დევნილს გასწვდება.
2027 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტის მიხედვით კი 140 მილიონი ლარით გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიმართულების დაფინანსება.
ამ პროგრამისთვის 418.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. განმარტებითი ბარათის თანახმად, დამატებითი თანხა უკავშირდება ახალ სამთავრობო ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დევნილთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება იგეგმება.
12 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება.
„პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფულადი კომპენსაციის მიღების თაობაზე. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით“, – თქვა კობახიძემ.