პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების მთავარი მიზეზი, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა და წლის განმავლობაში გამოვლენილი დამატებითი საბიუჯეტო საჭიროებებია.
ცვლილებების პროექტში რამდენიმე მიმართულება იკვეთება: იზრდება რთველის დაფინანსება, გამოიყოფა დამატებითი თანხები დევნილებისთვის კომპენსაციის გასაცემად, ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის, ანაკლიის პორტისთვის, ქუთაისის აეროპორტისთვის და წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურისთვის.
ამასთან, ბიუჯეტის ცვლილებების ნაწილი 2027 წელს განსახორციელებელი პროექტების წინასწარ დაფინანსებას ითვალისწინებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 481.3 მილიონი ლარით იზრდება და 31.36 მილიარდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვაა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა, რის გამოც თავდაპირველად დაგეგმილი 5%-იანი პროგნოზი 6.8%-მდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში, სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6.15 მილიარდი დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 3.79 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ცხრა თვის მონაცემების გათვალისწინებით გადაიხედა როგორც ბიუჯეტის შემოსავლები, ისე ხარჯვითი ნაწილი.
დამატებითი რესურსები გამოიყოფა იმ პროგრამებისთვის, რომლებშიც ახალი საჭიროებები გამოვლინდა, ხოლო ეკონომიით მიღებული თანხების ნაწილი სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.
ცვლილებების პროექტი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მომზადდა. განმარტებითი ბარათის თანახმად, დამატებითი თანხების ნაწილი 2027 წელს განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა
რა იცვლება ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებში
ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 481.3 მილიონი ლარით იზრდება და 31 მილიარდ 362.7 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 79.8 მილიონი ლარით იზრდება და 30.83 მილიარდ ლარს შეადგენს.
უშუალოდ შემოსავლები კი 877 მილიონი ლარით იზრდება და 25.87 მილიარდ ლარს გაუტოლდება. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 690 მილიონი ლარით იზრდება და 23.89 მილიარდ ლარს შეადგენს.
კერძოდ:
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 69 მილიონი ლარით იზრდება და 8.29 მილიარდი ლარი ხდება;
- მოგების გადასახადი 270 მილიონი ლარით იზრდება და 3.47 მილიარდ ლარს შეადგენს;
- დღგ 256 მილიონი ლარით იზრდება და 8.13 მილიარდი ლარი ხდება;
- აქციზის გადასახადი 85 მილიონი ლარით იზრდება და 2.78 მილიარდ ლარს შეადგენს.
სხვა შემოსავლების პროგნოზი 230 მილიონი ლარით იზრდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ზრდა ძირითადად ეროვნული ბანკის 2025 წლის მოგებიდან ფაქტობრივად მიღებული თანხებითაა განპირობებული.
ამასთან, საინვესტიციო გრანტების შემცირების ხარჯზე გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 43 მილიონი ლარით მცირდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 50 მილიონი ლარით იზრდება და 9.71 მილიარდ ლარს შეადგენს.
დამატებული თანხა, განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიანად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კომპენსაციების გასაცემადაა გათვალისწინებული.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ეს უკავშირდება ახალ სამთავრობო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოლოდინის ნაცვლად, კომპენსაცია აიღონ.
კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი იქნება.
ყველაზე მსხვილი ზრდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაშია. სამინისტროს ასიგნებები 353.2 მილიონი ლარით იზრდება და 1.16 მილიარდ ლარს შეადგენს.
დამატებული თანხიდან 158.2 მილიონი ლარი მიმდინარე წლის ბოლომდე გასაწევი ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული, 195 მილიონი ლარი კი სამინისტროს სხვადასხვა ორგანიზაციას 2027 წელს განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამებისთვის გადაეცემა.
მიმდინარე წლის რთველის დასაფინანსებლად დამატებით 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. შედეგად, რთველისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში 250 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, 2027 წლის რთველის დასაფინანსებლად კიდევ 45 მილიონი ლარი გამოიყოფა.
110 მილიონი ლარი გათვალისწინებულია სამელიორაციო სისტემების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის. ეს თანხა 2027 წელს განსახორციელებელ პროექტებს მოხმარდება.
მომდევნო წლის ხარჯებისთვის ასევე გამოიყოფა 40 მილიონი ლარი მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 417.4 მილიონი ლარით იზრდება და 1.34 მილიარდ ლარს შეადგენს.
სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილი თანხების ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელსაც 180 მილიონი ლარი გადაეცემა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კორპორაცია გასული წლების განმავლობაში მოსახლეობის მომარაგებისთვის შესყიდულ და გაყიდულ ბუნებრივ აირს შორის ფასთა სხვაობას აფინანსებდა. ეს ხარჯი კომპანიის მიუღებელ შემოსავლად აისახებოდა და მომდევნო წლის გაზაფხულზე ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი აღარ რჩებოდა.
ამ მიზეზით მთავრობა კორპორაციისთვის 80 მილიონი ლარის სუბსიდიის სახით გამოყოფას გეგმავს, 100 მილიონი ლარი კი დროებითი ფინანსური დახმარება იქნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს მომდევნო წლის ბოლოს დაუბრუნდება.
ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებიდან დამატებით:
- 82.1 მილიონი ლარი მთის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა;
- 60 მილიონი ლარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას მოხმარდება;
- 125 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაგრძელებისთვის გამოიყოფა;
- 69 მილიონი ლარი სახელმწიფო ქონების მართვის კონტროლქვეშ არსებული საწარმოების სახელშეკრულებო ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოიყოფა. ამ თანხიდან 9 მილიონი ლარი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს მოხმარდება;
- 55 მილიონი ლარი რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის გამოიყოფა.
ამ თანხების ნაწილი 2027 წელს განსახორციელებელ სამუშაოებსა და ვალდებულებებს უკავშირდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 45.2 მილიონი ლარით იზრდება და 3.15 მილიარდ ლარს შეადგენს.
ცვლილებების მიხედვით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსება 505 მილიონი ლარით იზრდება. დამატებული თანხით სამუშაოები 2027 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ამასთან, გზების ინფრასტრუქტურის დაფინანსება 21 მილიონი ლარით იზრდება და 1.55 მილიარდ ლარს შეადგენს. ზრდა ძირითადად შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს უკავშირდება.
რამდენიმე მიმართულებით დაფინანსება მცირდება. კერძოდ:
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 238.5 მილიონი ლარით მცირდება;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 114 მილიონი ლარით მცირდება;
- სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 114.3 მილიონი ლარით მცირდება;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული თანხა 14 მილიონი ლარით მცირდება.
სამინისტრო ამ შემცირებებს წლის ბოლომდე თანხების მოსალოდნელზე ნაკლები ათვისებით ხსნის.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 6.1 მილიონი ლარით იზრდება და 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებას 10 მილიონი ლარი ემატება, ხოლო პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა 3.9 მილიონი ლარით მცირდება.
სპორტის სამინისტროს დაფინანსება 35.8 მილიონი ლარით იზრდება და 361.1 მილიონ ლარს შეადგენს.
დამატებითი თანხებიდან:
- 10.9 მილიონი ლარი სპორტულ ფედერაციებს გადაეცემა;
- 4 მილიონი ლარი საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას მოხმარდება;
- 10.4 მილიონი ლარი საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის დაჯილდოებას მოხმარდება;
- 10.5 მილიონი ლარი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და არსებული ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება.
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული დღგ-ის შემოსავლებიც იზრდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, დღგ-ის საერთო მოცულობის ზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დამატებითი თანხები მიიმართება. დოკუმენტის თანდართული ცხრილის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის დღგ-ის საპროგნოზო შემოსავალი ჯამში 64 მილიონი ლარით იზრდება.
ამასთან, 15 მილიონი ლარით მცირდება მუნიციპალიტეტებში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხა და ეს რესურსი მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ სპეციალურ ტრანსფერებს ემატება. თანხა რიგ მუნიციპალიტეტებში არსებული საბიუჯეტო დეფიციტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
ბიუჯეტის მიხედვით, რიგი მიმართულებებით ასიგნებები მცირდება.
საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი თანხა 237 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს სავალუტო კურსის გამყარებით წარმოქმნილი ეკონომიის შედეგია.
197.9 მილიონი ლარით მცირდება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები. ამ თანხიდან 117.5 მილიონი ლარი თბილისის ავტობუსებისა და მეტროს მოდერნიზაციის პროექტებს უკავშირდება. სამინისტროს განმარტებით, ხელშეკრულებების მიხედვით, ანაზღაურება მომდევნო წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
13 მილიონი ლარით მცირდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. მიზეზად არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისთვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომია სახელდება.
ბიუჯეტის ცვლილებების პარალელურად მთავრობა რამდენიმე მაკროეკონომიკურ მაჩვენებელსაც აახლებს.
2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.8%-მდე იზრდება. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 104.4 მილიარდი ლარიდან 116 მილიარდ ლარამდე იზრდება.
ამასთან, საშუალო ინფლაციის პროგნოზი თავდაპირველად დაგეგმილი 3.3%-დან 5.2%-მდე იზრდება.
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ის ნაცვლად 1.3% იქნება.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილებების ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები და ცვლილებების არსი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული.
ბიუჯეტის ცვლილებების კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.