თბილისში პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პენსიონერი ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში საქმის განხილვა წუხელ გვიან ღამით დასრულდა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მედეა ცირამუამ განაცხადა:

„სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში სრულადაა ასახული ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე მისვლის, დაზარალებულებისთვის ჩასაფრების და განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტები. ეს ჩანაწერები არის დათვალიერებული ბრალდებულის ოჯახის წევრების მონაწილეობით. ოჯახის წევრები იყვნენ კატეგორიულები, რომ ჩანაწერში ასახული პირი არის სწორედ მათი ოჯახის წევრი.

მოტივი არის ანგარება, როგორც ცნობილია, ეს უკავშირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა მას, რომ ამ პროცესის განმავლობაში მომხდარიყო მათი უძრავი ქონების გამოსყიდვა, ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა და ანგარების მოტივით დაესხა მათ თავს“, – თქვა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით კი მას მედიასთან საუბრის ნებართვა არ აქვს.

11 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცოლ-ქმარი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მოტივი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ბრალდებულის ბინა აუქციონზე შეიძინა, თუმცა ის საცხოვრებელს არ ტოვებდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, უწყება 4 წლის განმავლობაში ეწეოდა მათ შორის მედიაციას.

როგორც ბიურო წერს, მოლაპარაკების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მკვლელობის დღეს, 11 ნოემბერს შედგა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო ბრალდებულის ოჯახის იძულებითი გამოსახლება.

გია ძლიერაშვილი ბრალდებულის სახით 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.