„დაუშვებელია შინაური ცხოველის მიტოვება“ – რას გულისხმობს კანონპროექტი

პუბლიკა

ცხოველთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს ინიცირება ათმა დეპუტატმა გაუწია. კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შინაური ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კანონპროექტის მიზნებისათვის შინაური ცხოველისთვის აუცილებელი გონივრული საჭიროებები მოიცავს: ა) სათანადო კვებასა და დაწყურვებას; ბ) შინაური ბინადარი ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფას მოწყობას, დათბუნებასა და საჭიროების შემთხვევაში განათებას; გ) შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას; დ) დროულ და სათანადო ვეტერინარულ მომსახურებას; ე) შინაური ბინადარი ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ- ჰიგიენური პირობების შექმნას.

„დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა ან/და მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ან/და ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა“, გარდა ამისა, პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-ატრონობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.
  2. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის შთამომავლობის მოვლა-პატრონობა ან გასხვისება.

პროექტში ასევე წერია, რომ თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან მოკვდა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებულია, შეატყობინოს პოლიციას.

ასევე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აეკრძალება ერთ კონკრეტულ ფართზე  ან ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ცხოველის ფლობა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალულია 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია რეგულაციები ცხოველის გასეირნების შესახებ:

  1. შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნება (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივ ადგილებში დაიშვება მხოლოდ უსაფრთხოებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (ალიკაპი, საბმელი ან/და მოკლე საბმელი) გამოყენებით.
  2. ცხოველის მეპატრონე/მფლობელი მის საკუთრებაში/მფლობელობაში მყოფი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, ვალდებულია, იზრუნოს მის მყისიერ დასუფთავებაზე.
  3. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა ისეთ ადგილებში, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი. მსგავსი ნიშნის არსებობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის მისაბმელი ძელის დაცულ ფართზე განთავსება.

რაც შეეხება შინაური ცხოველების ჯამრთელობის დაცვის საკითხს, კანონპროექტი მეპატრონეს ავალდებულებს, ყოველწლიურად შეამოწმოს ცხოველი ვეტერინართან.

ასევე, იკრძალება ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციები, კერძოდ: ა) კუდის კუპირება; ბ) ყურების კუპირება; გ) სმენის დაქვეითება; დ) კბილებისა და ეშვების ამოღება; ე) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

პროექტში შინაური ცხოველის წამების ერთ-ერთ ფორმად მისი გაგდება და მიტოვებაც განისაზღვრება.

პროექტით, პოპულაციური კონტროლის მიზნით იკრძალება: ა) მეტისის გამრავლება; ბ) გენეტიკური დაავადებების მქონე შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება; გ) 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება; დ) გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარზე. ხოლო ჯიშიანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით, ხოლო კომერციული მიზნით მოშენება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერა დასაშვები იქნება მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით; მეძუძური შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერა კი დასაშვები იქნება მხოლოდ ნაყართან ერთად. კანონპროექტით, ასევე, დაუშვებელი იქნება ავადმყოფი და დასახიჩრებული შინაური ბინადარი ცხოველების საბოლოო განკურნებამდე  დაბრუნება დაჭერის ადგილზე, თუკი მათ არ ჰყავთ მეთვალყურე და მათი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი.

 ჯარიმები

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც:

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე/მფლობელი, რომელიც არ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრას, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ბულვარში, სკვერში, პარკში, პლაჟზე და ა.შ) წესების დარღვევით გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

50 ლარით დაჯარიმდება მძღოლის მიერ პოლიციისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაღუპული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა. იმავე ოდენობის თანხით დაჯარიმდება შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა.

ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ბულვარში, სკვერში, პარკში, პლაჟზე და ა.შ) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იმავე ოდენობის თანხით დაჯარიმდება პირი, რომელიც ცხოველს ჯილდოს სახით გადაცემს. გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან კი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას:

ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდები მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაცია, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან სამ წლამდე.

ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით; ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“.

LB loan image desktop LB loan image mobile