„ქართული ოცნების” დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით, პარლამენტი საარჩევნო სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება დასაშვებია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით.
ამასთანავე, პოლიტიკური პარტიის /საარჩევნო სუბიექტის მიერ ან დაკვეთით გავრცელებული აღნიშნული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
კანონპროექტში ახლებურადაა განმარტებული სააგიტაციო მასალის დეფინიციაც: სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან რომელიც შეიცავს სხვა ისეთ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის არჩევნებთან დაკავშირება არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯსა და დროს არ საჭიროებს.
აკრძალვა ვრცელდება ე.წ. სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკურ საშუალებასა (მაგალითად, სტენდი, შენობა-ნაგებობის ფასადი, სხვა უძრავი ნივთი/კონსტრუქცია) და სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ჯარიმები
ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ჯარიმები. კერძოდ: თითოეული სააგიტაციო მასალის დარღვევით გავრცელება გამოიწვევს გამავრცელებლისა და დამკვეთის დაჯარიმებას 2000-2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სააგიტაციო მასალის განთავსებაზე არსებობს ობიექტის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეც 2000 ლარით დაისჯება.
იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას, იგი დაჯარიმებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით თითო ერთეული სააგიტაციო მასალის დარღვევით გავრცელებისათვის, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.
პროექტით, ცვლილება შედის ასევე „მაუწყებლობის შესახებ” კანონში – „დაუშვებელია ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად”.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები.
რა არგუმენტაცია აქვს „ქართულ ოცნებას” ცვლილებების საჭიროებაზე
„ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), როგორც პოლიტიკის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ორიენტირებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მათი მომავალი საქმიანობის პროგრამების შემუშავებასა და ამომრჩევლისთვის გაცნობაზე, რაც ამომრჩეველს მისცემს ინფორმირებული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას და მინიმუმამდე შეამცირებს საზოგადოების პოლარიზაციის რისკებს. თუმცა რეალობაში ხშირად ვლინდება ისეთი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტის ან მასთან დაკავშირებული პირის ქცევას არაფერი აქვს საერთო ამ საარჩევნო სუბიექტის მომავალი საქმიანობის პროგრამასთან, არამედ ის მარტოოდენ სხვა საარჩევნო სუბიექტის დისკრედიტაციასა და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნას ემსახურება”, – აღნიშნავენ განმარტებით ბარათში მმართველი პარტიის დეპუტატები.
მათივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
1) კომერციულ ურთიერთობებში დამკვიდრებული კონკურენციის პრინციპის მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობის გაზრდას;
2) დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციის შემცირებას;
დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორებმა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ერთ-ერთი ავტორის გიორგი ამილახვარის განმარტებით, 2024 წალამდე „აღარ ელოდებიან” საქართველოში არჩევნების ჩატარებას, ამიტომ დაჩქარებული წესით პროექტი მიღების მიზანია, რომ ახალი რეგულაციები მიმდინარე არჩევნებსაც შეეხოს. საბოლოოდ ბიურომ არ გაითვალისწინა ინიციატორების მოთხოვნა და პროექტს პარალამენტი ჩვეულ რეჟიმში განიხილავს.
„სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი”, – ჯერ მხოლოდ ასეთი მოკლე შეფასებით შემოიფარგლა ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით.
საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ:
„წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას – იქნება გაქებთ? საერთოდ რა შინაარსი აქვს იმას, რომ აუკრძალო სხვა პოლიტიკურ პარტიას მისი პოლიტიკური ოპონენტის ხსენება, რომლის ლანძღვით, გინებით თუ კრიტიკით არის დაკავებული პროფესიულად და წინასაარჩევნო პერიოდში ამას ვუკრძალავთ, რომ არც კი ახსენოს.
ნებისმიერ ადამიანს ხომ ვერ ავუკრძალავთ, რამე თქვას?! ადამიანია, ხედავს, ლაპარაკობს, შეიძლება, რომ ადამიანის ამ ბუნების საწინააღმდეგოდ წავიდეთ?!
… ხსენების აკრძალვა – ამაზე ცხადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რა უნდა იყოს?”, – განაცხადა ხვიჩიამ.
კანონპროექტის ავტორები არიან: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.
ინიციატორები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა უდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ბერაია.