მდინარაძემ სააკაშვილი და ენმ ჰიტლერს შეადარა

პუბლიკა

„როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ შევახსენოთ მათი წარსული“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ შეკითხვას.

„მათი წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ჰიტლერი რომ ახსენოს, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რაღატომ ლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენა არისო.

შეიძლება, ჰიტლერი ცოტა ფართო და დიდი მასშტაბის იყო სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს არ უნდა დაავიწყდეთ და ვფიქრობ, ჩვენს შვილებს ვიდეოკოლაჟითა და ყველაფრით უნდა გავახსენოთ“, – განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, იმ ფონზე როდესაც პარლამენტში უარყოფითი დამოკიდებულების გამოსაწვევად შექმნილი სააგიტაციო მასალის აკრძალვას განიხილავენ, მმართველი პარტია რატომ ათავსებს სოციალურ ქსელში ამ კანონპროექტის შინაარსის საწინააღმდეგო მასალას.

„თქვენი ლოგიკა როგორ ხმოვანდება, იცით? მე გცემ და შენ ხელი არ უნდა შემომიბრუნო, ეს ძალადობაა – დაახლოებით, ასეთი ლოგიკაა. ნაცმოძრაობის ტელევიზიებს აქვს ასეთი ლოგიკა: უნდა დაგაბრალოს ტყუილი, უნდა გაკადროს ყველაფერი, წარმოდგენილიც და წარმოუდენელიც.

[…] შენ თუ კლიპში აჩვენებ სიმართლეს, ესაა სიძულვილის ენა, ძალადობა და ცუდი საქციელი, ეს არის ალოგიკური. პოლარიზაციის შესამცირებლად ერთი მხარის მზაობა არ კმარა“, – განაცხადა მან.


მმართველი პარტიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო წარწერით  – „დავასრულოთ ნაცები! ნაცობა სირცხვილია“. ვიდეოში გამოყენებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ენმ-ის სხვა ლიდერების კადრები. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული კადრები და ასევე ცნობილი კადრი, სადაც პრეზიდენტი ჰალსტუხს პირში იდებს.