საზოგადოებრივ მაუწყებელთან უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ღია წერილით მიმართავენ.
ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ეთერი დაუთმონ დევნილებს, მათი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საუბარს.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც იცით, 30 ნოემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები, რომელიც არხისთვის ბრძოლასა და მისი პარტიული მიკერძოებისაგან გამოხსნას ისახავს მიზნად.
მიკერძოება, რაზეც, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, თქვენც გეკისრებათ, დასტურდება უამრავი ფაქტითა და მტკიცებულებით. შესაბამისად, თქვენი და სამეურვეო საბჭოს გადადგომის გარეშე, პროტესტი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ვერც კი წარმოიდგენს. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ჩვენი მოთხოვნების ერთგული, თუმცა გვესმის რა პრობლემის სიმძიმე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და დაუთმოთ ეთერი დევნილებს!
მოგეხსენებათ, დევნილმა ადამიანმა, ზამირ კვეკვესკირმა, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია მსგავს არაერთ უმძიმეს შემთხვევას ითვლის.
ამ სავალალო სტატისტიკაზე პასუხსმგებელია, როგორც ნებისმიერი ხელისუფლება, ასევე თავად საზოგადოებაც. პასუხისმგებლობისაგან ვერ თავისუფლება ვერც საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეტიც, საკითხისადმი გამოჩენილი გულგრილობა პირდაპირ წინააღმდეგობაშიც კი მოდის მის ფუნქცია-დანიშნულებასთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი ვერ იქნება დუმილი მაშინ, როდესაც ზამირ კვეკვესკირი ისე გაასვენეს, რომ მას საკუთარი საცხოვრისი არ ღირსებია.
ბუნებრივია, დევნილთა პრობლემების მოგვარებას სისტემური მიდგომა და არსებითი ცვლილებები სჭირდება. რეალურად, მიმდინარე პროტესტებსაც სწორედ ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნა უდევს საფუძვლად. თუმცა, არსებული სიტუაცია სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
რისკი, რომელიც მსგავსი ტრაგედიების გადამდებ ეფექტში მდგომარეობს, არ გვაძლევს ხვალინდელ დღეზე დალოდების საშუალებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, უახლოესი დღეების განმავლობაში დაუთმოთ ეთერი დევნილებს. ეს მოთხოვნა, პირველ რიგში, ემყარება თავად დევნილების მზაობასა და სურვილს, – საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ისაუბრონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
როგორც არხის გენერალური დირექტორი, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ დევნილების წინაშე. თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც კრიტიკულ კითხვებს დასვამს მაგ., დევნილთა სააგენტოს კორუფციული სქემებისა და არაგამჭვირვალე საბინაო პოლიტიკის შესახებ. ძალაუფლება და ბერკეტი, რომელსაც თქვენ ფლობთ, გაძლევთ მნიშვნელოვანი გავლენის უნარს და მისი კეთილსინდისიერი გამოყენებით შესაძლებელია, მსგავსი ტრაგედიების პრევენციაც კი შეძლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს არაერთხელ მოუხურეთ კარი, არაერთხელ თქვით უარი ჩვენთან საუბარზე, ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხის სიმწვავის გარშემო მაინც შევძლებთ გაერთიანებას. ერთმანეთისადმი სოლიდარობითა და საერთო ტკივილის გააზრებით, დევნილებისათვის ეთერის მოთხოვნა არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. თქვენგან კი, პასუხისმგებლობის გათვალისწინებითა და კეთილგონიერების იმედით, ველით ამ მინიმუმის დაკმაყოფილებას.
დაუთმეთ ეთერი დევნილებს!”, – ნათქვამია წერილში.