SJC სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: დაუყოვნებლივ განახლდეს გამოძიება მაჩალიკაშვილის საქმეზე

პუბლიკა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას და გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.

„ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა. მათ შორის, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ჩხრეკა და ამოღება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო.

ცხადია, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა. სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

SJC-ს განმარტებით, საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს. ორგანიზაციამ მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა წერილობითი ანგარიში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების თაობაზე. „ცხადია, რომ საქმის აღსრულების ინდივიდუალურ ღონისძიებებს შორის ჩვენი არსებითი მოთხოვნა, ეროვნულ დონეზე გამოძიების ხელახალ დაწყებას უკავშირდება.

ამასთან, მინისტრთა კომიტეტის წინაშე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს სისტემური ინსტიტუციური ცვლილებების გატარებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის შემდეგი მიმართულებებით:

  1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სპეციალური ოპერაციების ჩატარების დროს;

  2. გამოძიების მსვლელობისას დაზარალებული პირებისთვის და მათი ადვოკატებისთვის საიდუმლო მასალების წვდომასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა;

  3.  დაზარალებული პირების საპროცესო უფლებებების ჯეროვანი რეალიზაცია, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სტანდარტის ბუნდოვანი და ნაკლოვანი სამართლებრივი პრაქტიკის ცვლილება;

  4. სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შემთხვევებზე სახელმწიფოს სისტემური გულგრილობის ნეგატიური პრაქტიკის შეცვლა.”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

SJC-ს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურია ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიებაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  1. დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში;

  2. დროულად უზრუნველყოს რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, უპირველესად კი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური  საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას ცდილობს. „გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში კი არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები დროის შემდეგ სათანადოდ ვეღარ ჩატარდეს და საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გართულდეს. ამასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამგვარი მიდგომა ზოგადად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურების არასათანადო გაგებას აჩვენებს და ამ ახალი უწყების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.