დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიაქციოთ ყურადღება - ვაშაძე შუქრუთის პროტესტზე

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა. მისი თქმით, შუქრუთში ერთ კვირაზე მეტია, პირი აქვთ ამოკერილი ადამიანებს და ითხოვენ დახმარებას, ხოლო ხელისუფლება და უმრავლესობის დეპუტატები მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან.

„მე მინდა, ჩემს კოლეგებს მივმართო და ვთხოვო, ამ ფოტოებს შეხედონ. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ამოკერილი აქვთ პირი; ხალხი, რომელიც ითხოვს შველას, თავისი ხელისუფლებისგან. არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი და მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლება ჩამოშორებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან. როგორც მან აღნიშნა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მადანი გადის ჭიათურიდან ყოველწლიურად, თუმცა ჭიათურა განადგურებულია და ადამიანებს საცხოვრებელი ენგრევათ.

„სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში, „ჭიათურ მანგანეზს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის. მეგობრებო, ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევათ და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ, ასობით მილიონი ლარის ღირებულების მადანი ყოველწლიურად გადის ჭიათურიდან, თუმცა ჭიათურა ასეთი განადგურებულია. თქვენ იქ არ ჩადიხართ, ეტყობა, და ამიტომ სურათები წამოგიღეთ აქ. აი, ასეთი განადგურებულია, გეგონება, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ ელემენტარულად მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია“, – განაცხადა მან. 

მან მიმართა უმრავლესობას და მოითხოვა, რომ ყურადღება მიექცეს ჭიათურის მოქალაქეების პროტესტს.

„დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიაქციოთ ყურადღება. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მარტო ზედაპირული ლაპარაკით კი არა, ჩადი და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე. შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ეს ფაქტი“, – განაცხადა მან.


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. გუშინ მათ შეუერთდა 3 ქალი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.

ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.