შუქრუთში პროტესტის ნიშნად პირი სამმა ქალმაც ამოიკერა

პუბლიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში პროტესტის ნიშნად პირი კიდევ სამმა ქალმა ამოიკერა. ისინი მე-4 დღეა შიმშილობენ და ამ სახით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 14 დღის წინ ხუთმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო.

„98 დღეა, გარეთ ვართ და ყურადღების მომქცევი არავინ გვყავს. არც სახალხო დამცველი, არც სახელმწიფოს მხრიდან არავინ, ამიტომ დღეს ქალებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ამოვიკერეთ პირი. ჩემი სახლი ინგრევა. აქ ვინც ვართ ყველას სახლი ინგრევა, მთელი სოფლის სახლები ინგრევა, მაგრამ პროტესტს მხოლოდ ჩვენ გამოვთქვამთ“, – ამბობს თამარ კუპატაძე

კიდევ ერთი ადგილობრივი ვერა კუპატაძე „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე კომპანია ყურადღებას არ იჩენს პროტესტი მონაწილეების მიმართ.


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტი ნიშნად პირი ამოიკერა.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.

ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.