„მიგვაჩნია, სახელმწიფომ უნდა არეგულიროს საქართველოში მიგრაციის მსურველი რუსეთის მოქალაქეების ნაკადი, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა შეზღუდოს უვიზო შემოსვლა“, – საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს.
როგორც ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, შემდგომი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად აუცილებელია, უახლოესი ორი დღის ვადაში გაიმართოს შეხვედრა კერძო/საჯარო დიალოგის ფორმატში.
„ჩვენ, როგორც სიტყვით, ასევე, საქმით გვერდზე უდგავართ ამ მამაც ერს. რუსეთის მიერ წარმოებული ომი მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის სრულიად მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მის სამეზობლოს, რომლის ნაწილიც მას ოკუპირებული აქვს.
გარდა უკრაინის ომისა და რუსეთის იზოლაციისა (საერთაშორისო ცივილიზებული ერების მიერ), შეიქმნა ახალი გარემოება და ამავე დროს საშიშროება რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, კერძოდ, ჩვენი ქვეყნისთვის.
საერთაშორისო ეკონომიკისგან რუსეთის იზოლაციამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია. ისინი ცდილობენ გაექცნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რამეთუ რუსეთიდან მიგრირებული ძირითადი ნაკადი ჩვენი ქვეყნისკენ მოემართება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ალიანსის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობა დასაგმობია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან და ეს უნდა განხორციელდეს საქმით.
„ქართველი ერი მუდმივად იყო და რჩება ტოლერანტი ყველა ეროვნების ხალხის მიმართ, თუმცა არა საკუთარი ანექსიის ხარჯზე.
იმისა გამო, რომ დაწყებულია მასობრივი მიგრაცია რუსეთიდან არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების, არამედ საქართველოს ოკუპაციის და უკრაინის ომის მიმართ ოფიციალური ხელისუფლების მხარდამჭრი პოზიციის მქონე პირების – მიგვაჩნია, სახელმწიფომ უნდა არეგულიროს საქართველოში მიგრაციის მსურველი რუსეთის მოქალაქეების ნაკადი, კერძოდ დაუყონებლივ უნდა შეზღუდოს უვიზო შემოსვლა.
ამისათვის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მოვითხოვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის შემოღებას, რათა სახელმწიფოს გაუჩნდეს ბერკეტი, აკონტროლოს შემომსვლელ პირთა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ამ პირთა მიერ პოტენციური რისკების შეფასება.
კერძოდ, ინტენსიურად ქართული საბანკო სექტორიდან ვალუტის ამოღება გამოიწვევს ვალუტის დეფიციტს ქვეყანაში. ისედაც ძლიერი დამოკიდებულება რუსეთიდან არსებულ ექსპორტზე ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. მიღებული გადაწყვეტილება დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს (სასტუმროებს, ტუროპერატორებს, გიდებს, სატრანსპორტო კომპანიებს), განსაზღვრონ შემოსული ნაკადების მომსახურების ფაქტორი“, – წერია განცხადებაში.