დავა უზენაესში გაგრძელდება - „მერია თვლის, რომ იგი არ არის პრევენციაზე პასუხისმგებელი"

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც მერიას დავალებული ჰქონდა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

როგორც ორგანიზაცია წერს, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ შემოსაზღვრა ტერიტორია და ბანერებიც განათავსა, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი, ასევე მხარე მოითხოვს, რომ მსგავს შემთხვევებზე თბილისის მერია იყოს ვალდებული, პასუხისმგებელი, რომ ადგილზე უზრუნველყოს უსაფთხოების ნორმები.

„თბილისის მერია ამბობდა იმას, რომ ის არ იყო ვალდებული. ჩვენი პოზიციით კი, სწორედ მერიაა ის, ვინც არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმის, რომ კერძო კომპანიის მიერ ადგილზე ამ დროისთვის მიღებულია უსაფრთხოების ზომები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება ამოწურულია. სააპელაციო სასამართლომ კი ფაქტობრივად გაათავისუფლა მერია პასუხისმგებლობისგან. სწორედ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ამიტომ ვასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

„ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები წლების განმავლობაში არც ინფორმირებული იყვნენ და წინ არც გადაულახავი ბარიერი ეღობებოდათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ს წინააღმდეგ. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

თბილისის მერიამ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რადგან თვლიდა, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი სასიკვდილო შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი.

ამავე დროს, საინტერესოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, მოპასუხე მხარემ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა სარჩელი და ასევე, ამ დროისათვის უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა – ადგილი შემოზღუდა მყარი ბეტონის და რკინის მესერით, რომელზეც გააკრა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები. თუმცა, პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები – ქალაქ თბილისის მერიიდან და GWP-დან ვერ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. ერთ-ერთ სხდომაზე კი GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ტერიტორია მათ შემოღობეს. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.