დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს – თოლორაია ლუკა სირაძის საქმეზე

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, დღეს პარლამენტში ანგარიში წარადგინა.  ჟურნალისტებთან ლონდა თოლორაიამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე შეკითხვებსაც უპასუხა. როგორც მან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ სასამართლო ამ საქმეზე ბრალდებული პროკურორის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კერძოდ, დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა. ამჟამად საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება და  დარწმუნებული ვარ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ“, – განაცხადა თოლორაიამ.


არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

ბრალდებულ პროკურორს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში“, – ნათქვამი იყო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.