ერთ-ერთი კომპანიის სათვალთვალო კამერები გამვლელების საუბარსაც იწერდნენ – ინსპექტორი

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშის მე-4 თავი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა სახელმწიფო სტრუქტურებში, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულგამაჯანსაღებელ კომპლექსებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 48 შემთხვევა: 9 – საჯარო სექტორში (აქედან, 4 – სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 39 – კერძო სექტორში.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 12 შემთხვევაში დაეკისრა კერძო ორგანიზაციას, ხოლო 5 შემთხვევაში – საჯარო დაწესებულებას.

როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დასაქმების ადგილზე ნებისმიერი სახის მონიტორინგი მკაცრად შეზღუდულია.

ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კანონით მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების მიუხედავად, კერძო ორგანიზაციებში კვლავ გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილებზე აუდიოვიდეოთვალთვალი. კერძო კომპანიების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება არ ისახავდა კანონით დადგენილ მიზნებს: პირის უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, გამოცდის/ტესტირების ჩატარება.

შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:

► ერთ-ერთი კომპანია დასაქმებული პირების აუდიო-ვიდეოთვალთვალს სამუშაო ადგილზე ახორციელებდა მათი ქცევისა და კლიენტებთან მომსახურების ხარისხის გასაკონტროლებლად;
► ერთ-ერთი კომპანია ახორციელებდა როგორც სამუშაო, ასევე საერთო სივრცეების (მათ შორის სამზარეულოს და სხვა საერთო სარგებლობის ოთახების) აუდიოვიდეოთვალთვალს. კომპანიამ ვერ დაასაბუთა მომხმარებელთა აუდიოვიდეოთვალთვალის საჭიროება მომსახურების, შეხვედრების, ტრენინგებისა თუ ადმინისტრაციის ოთახებსა და სამზარეულოში;
► საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები იწერდნენ გამვლელ პირთა საუბარსაც.

„კერძო კომპანიები აღნიშნავენ, რომ თანამშრომელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის
მიზანია მონიტორინგი მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესება. კომპანიების ეს არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეო მონიტორინგი ავტომატურად ნიშნავს ნებისმიერი მოქმედების, ასევე, სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი (მაგ.: თანამშრომლებს შორის) საუბრების პირდაპირ კონტროლს ამ სივრცეში. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კომპანიებს შეუძლიათ უფრო ნაკლები მოცულობის ინფორმაციის დამუშავებითაც (მაგ.: უშუალოდ მომხმარებელთან სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა, ე.წ. „მისტიკური მომხმარებლის“ გამოყენება და სხვა). ამ კუთხით ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა ყოველთვის არ მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეო მონიტორინგს. შესაბამისად, ამ გზით კომპანიების მხრიდან საჭიროზე მეტი მოცულობის მონაცემთა დამუშავება არღვევს დასაქმებულთა პირად ცხოვრებას და არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ვინაიდან კომპანიებმა ვერ შეძლეს აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროების დასაბუთება, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალათ აუდიო-ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა.

საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დამსაქმებლები
დასაქმებულებს წერილობითი ფორმით აწვდიდნენ ინფორმაციას სამუშაო ადგილზე
ვიდეოთვალთვალის შესახებ, თუმცა მათ არ აცნობდნენ კანონით გათვალისწინებულ
უფლებებს (მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება)”, – ნათქვამია ანგარიშში.