შსს-ს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 43 პირი.

შსს-ს ცნობით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.

შსს-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი, აქციაზე დაზიანებული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. 

„აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.“

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.