დავაკავეთ 29 წლის პირი, რომელმაც ნათესავი ძმები სანადირო იარაღით დახოცა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 29 წლის პირი დააკავა. უწყების განცხადებით, მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნათესავ 37 და 36 წლის ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.