დავაკავეთ დაჯგუფების წევრები, რომლებიც მასობრივ არეულობას გეგმავდნენ - უკრაინის შს მინისტრი

პუბლიკა

კიევში მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მასობრივი არეულობის და „სისხლისღვრის მოწყობას“ გეგმავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფება კიევში 5 ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავდა, რომელთაგან 1500-ზე მეტი ე.წ. ტიტუშკა უნდა ყოფილიყო. ისინი პოლიციასთან შეტაკებას მოაწყობდნენ, რაც მასობრივ არეულობაში გადაზრდის წინაპირობა იქნებოდა.

„დაგეგმილი იყო მსვლელობის მონაწილეების მიმართ ძალადობა, რათა სისხლი დაღვრილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მობილიზებული ჰქონდათ ე.წ. ბუტაფორიული სისხლიც, რათა გაეყალბებინათ ძალადობა და სამართალდამცველებისთვის დაებრალებინათ“, – განაცხადა დენის მონასტირსკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯგუფი ამზადებდა სხვა ასპექტებსაც, რომელიც საჭირო იყო მასობრივი არეულობის მოსაწყობად. მათ შორის, დაქირავებული პირებით, ვინც ექიმებად გაასაღებდნენ თავს და გააყალბებდნენ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ინფორმაციას. ხდებოდა ფეთქებადი ნივთიერებების, ცეცხლგამჩენი საშუალებებისა და საბურავების მობილიზება დასაწვავად.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს განცხადებით, არეულობის ეპიცენტრი კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უნდა ყოფილიყო, საიდანაც ის სხვა დიდ ქალაქებში გავრცელდებოდა.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახლა იკვლევენ ჯგუფის ორგანიზატორების კავშირს რუსულ სპეცსამსახურებთან. დაკავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან, თუმცა ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ისინი მოსკოვიდან იმართებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალებს არ ამხელს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კავშირზე მიუთითებს.