„დავაკავეთ პირი, რომელმაც ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა“ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც, მათი თქმით, 6 აგვისტოს, ხობში ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა.

„შსს-ს თანამშრომლებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.