„დავასახელე ინფორმაციის წყარო და წარვადგინე ადამიანების სია“ - კობახიძე სუს-ში გამოიკითხა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე იმყოფებოდა, უწყება უკვე დატოვა.

„დამიკავშირდნენ სუს-იდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამაზე ინფორმაცია. დავასახელე დღეს ჩემი წყარო, ინფორმაციის შინაარსი. წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ოპოზიციას გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი და შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. არჩევნებისთვის ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების დაგეგმვაზე კობახიძემ გასულ კვირებში არაერთი ბრიფინგი გამართა.