დავიქირავე ევროპაში 1-ლი ფინანსური ჯგუფი, მათი ინიციატივაა საქართველო გარდაიქმნას აღმოსავლეთის ლუქსემბურგად - პრემიერი

პუბლიკა

„Rothschild-ი მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების ონლაინკონფერენციაზე.

მისი თქმით, სიღარიბესა და უმუშევრობასთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დაიქირავა.

„Luxemburg of the East – ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე. ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან.  ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.