დავით ფეიქრიშვილის თქმით, მას ციხეში 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ, რისი „მთავარი მოტივაცია იყო ტელეფონი”. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამაში ჩართული იყვნენ ციხის უფროსი და პენიტენციური სამსახურის უფროსიც. როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, დაზიანებებით ის „ვივამედში“ გადაიყვანეს, საპატიმრო დაწესებულებაში უკან დაბრუნებისას კი ჩაუწერეს, რომ ის გადმოვარდა.
„40 ნაკერი მადევს. მობილური იყო პროკურორის ხელში, ამათ ხელში რომ არ აღმოჩენილიყო მოტივაცია არ ექნებოდათ, რომ ჩემთან საკანში [ვინმე] შემოეყვანათ, ვეწამებინე.
წამების მთავარი მოტივაცია იყო ტელეფონი. მთავარი იყო, რომ მე მობილური უნდა გამეხსნა. პროკურორს უნდა უზრუნველყო, რომ ტელეფონი ყოფილიყო დალუქული… მე უკვე ვყავდი ნაცემი, ნაწამები, მითხარი პაროლიო.
გაუხსენი, შენ ჩანაწერები გაქვსო – მეთქი ბიჭო, რა ჩანაწერები… შეიძლება პროკურორს ჯიბეში არ ედო ეს ტელეფონი, მაგრამ ჩემი საპროცესო უფლებები არის დარღვეული.
4 დღის განმავლობაში რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართული იყო ციხის უფროსი, პენიტენციური სამსახურის უფროსი… სპეციალურად შემოიყვანეს პარასკევს, ორშაბათი ძლივს დადგა და შემოვიდა ადვოკატი, ძლივს შევძელი ხმის მიწოდება… გადამიყვანეს „ვივამედში“ და მერე ამ დაზიანებებით უკან დამაბრუნეს და ჩამიწერეს, ვითომ გადმოვვარდი. უკან რომ მიმიყვანეს მანდ დაიწყო – შენი ტელეფონი ვერ გახსნესო. კიდევ მიდიოდა მათი მხრიდან ჩემზე ძალადობა. ბოლოს შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვიხსნაო და ამით დამთავრდება ყველაფერიო. გოცირიძე და შოთა ყიფიანი თან დამყვებოდნენ თანამშრომლებთან ერთად, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა, თუმცა იქ თანამშრომლებისთვის რამის თქმას საერთოდ აზრი არ ჰქონდა.
ყველანაირად იზოლირებული ვყავდი, ერთადერთი შანსი იყო, რომ გამეძლო ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შემოვიდოდა. წინა ადვოკატთან 11 წელია ვმეგობრობ, შვილის ნათლია ვარ და ასე, მოწმენდილ ცაზე მივიდა ჩემს ოჯახში და ვეღარ ვიქნები ადვოკატიო, წყალს გააყოლა ეს მეგობრობა. ბოლოს, უკვე აზრზე რომ მოვედი, ლეიბები, შემწვარი კარტოფილი, ციხის უფროსმა ცხელი პური გამოგიგზავნაო – მივხვდი, რომ ესენი რჩებოდნენ ჩემთან საკანში მეთქი, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო რამდენად მალე გავუხსნიდი ტელეფონს. შემოსვლის დღიდან ეგრევე ჩემთან შემოიყვანეს, არც კარანტინი გაუვლიათ არაფერი, ციხის „ნასეტკები“ ცდილობდნენ ჩემგან ინფორმაციის ამოღებას“, – თქვა სასამართლო სხდომაზე დავით ფეიქრიშვილმა, ტექსტს „ფორმულა” ავრცელებს.
მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში მყოფი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის, ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.
ცემაზე ცნობები იმავე დღეს „კატეგორიულად უარყო“ პენიტენციურმა დაწესებულებამ.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა და მასთან სხვა პირებიც შეასახლეს. თუმცა, იყვნენ თუ არა მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, მინისტრის თქმით, ამას გამოძიება დაადგენს. პენიტენციურმა სამსახურმა თავდაპირველად ცემის ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.