დავითგარეჯას საქმესთან დაკავშირებით ბადრი ბიწაძე გამოიკითხა

პუბლიკა

გენერალურ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფებოდა.

„ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, ზოგი მე არ მეხებოდა, ზოგიც მეხებოდა… [შეკითხვები რასაც შეეხებოდა], ეს იყო ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, რომელზედაც განიხილებოდა საზღვრის საკითხი, აზერბაიჯანი-საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო, სადაც მე მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი…

როგორც კი დავინიშნე სასაზღვრო ტერიტორიის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, არცერთი სანტიმეტრი არ გადაწეულა. არც იქეთ, არც ჩვენკენ. ეს ყველაფერი 2008 წლის ნოემბრამდე, შემდგომში, ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან არიან.

გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები – ილიჩოვა და მელაშვილი მოქმედებდნენ ზემდგომი პირის დავალებით და იყენებდნენ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი რუკების საზღვრის ხაზს, რომელიც, მათი თქმით, წინააღმდეგობაში მოდის ისტორიულ საზღვართან.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.