დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩია. უწყებას ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დავით ნარმანია სემეკის წევრი 2017 წელს გახდა, ასევე 6 წლით, კომისიის თავმჯდომარედ კი 2019 წელს დაინიშნა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სემეკის განცხადებით, დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტები გამარტივებული კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, დაინერგა სემეკის თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. 2014-2017 წლებში იყო თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში.