დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: არაა აუცილებელი სამედიცინო პროფესიის იყოს

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. ჩვენთვის, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი ექნებოდა.

დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ჯანდაცვა არაა. მისი მანდატი ფართოა – ის გულისხმობს დასაქმების საკითხებსაც, სოციალურ და დევნილთა საკითხებს. ჯამში ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი. მას სჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით მართვა. როგორც ბევრ ქვეყანაში აუცილებელი არაა, ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი თბილავიამშენის გენერალური დირექტორი. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.