დავითაშვილი: მათ შორის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება

პუბლიკა

ეკა ტიკარაძის გადადგომაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა. ლევან დავითაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ეკა ტიკარაძემ თავად მიიღო და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნათია თურნავას შეფასებით, საკადრო გადაწყვეტილებების მიღმა მედიამ სკანდალური კონტექსტი არ უნდა ეძებოს.

„კაბინეტში ცვლილებები მუდმივად ხდება. მათ შორის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ნათიას თურნავას თქმით, ტიკარაძის გადაწყვეტილებამდე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

„ტერმინი „შეეწირა“ უადგილოა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან მედია სკანდალურ კონტექსტს ნუ ეძებთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის გუნდის წევრად რჩება. გარკვეული ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის ჩავლილია და ახალი ეტაპი იწყება. სამთავრობო გუნდის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

გუშინ ეკა ტიკარაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. სპეციალური ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართა. მისი თქმით, ის პარტიის პოლიტსაბჭოში დარჩება და იქიდან გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის გაუმჯობესებისთვის მუშაობას.