დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღით შეძლებენ

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას ერთჯერადად 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.

მისივე განმარტებით, ეს ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის აქვს დაწესებული.

ლევან დავითაშვლის თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უვიზო მიმოსვლის გააქტიურება კი მისი მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”.

„ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში და ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს.

პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო- ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ამ პროცეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში. ეს, ასევე, კავშირშია, მათ შორის, ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან”. – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ჩინეთის მეირ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე განცხადება მთავრობამ დღეს, 26 თებერვალს გააკეთა. საქართველომ ჩინეთს უვიზო მიმოსვლა 2023 წლის სექტემბერში დაუწესა.