დავითაშვილი სოცდაუცველთა დასაქმებაზე: ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებას

პუბლიკა
content image

ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მისი თქმით, კონცეფცია მთავრობას მზად აქვს და შესაბამის დეტალებს მოსახლეობა 2022 წლის დასაწყისში გაიგებს. ლევან დავითაშვილის თქმით, უმთავრესი იქნება მოსახლეობის კერძო სექტორში დასაქმება, თუმცა სახელმწიფო ასევე შექმნის დასაქმების ადგილებს.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი დასაქმების ადგილებს. ამაზე მუშაობა მიდის. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და გვაქვს კონცეფცია, რომელზეც 2022 წლის დასაწყისში მოსახლეობას მეტ ინფორმაციას მივაწვდით. საჭიროა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება.

სრულად გავაანალიზეთ, ინფორმაცია რომელიც არსებობდა დასაქმების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროში. დასაქმების სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც იღებს სოციალურ შემწეობას.

უმთავრესი პრიორიტეტი იქნება შრომისუნარიანი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება. მაგრამ კერძო სექტორთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებას, ეს იქნება როგორც მუნიციპალიტეტის ისე სხვადასხვა სამინისტროს დონეზე”, – განაცხადა დავითაშვილმა.