დავითხოვეთ 3 პირი, რომლებმაც უკანონოდ მოძიებული პერსონალური ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენელს გადასცეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს.

„დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია. პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული პირები დათხოვნილი არიან სამსახურიდან“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.