დავითულიანი ბრეგაძეს: სააკაშვილი რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა ჰკითხა რატი ბრეგაძეს, თუ მიხეილ სააკაშვილი არის „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, არსებობს თუ არა ამის შესახებ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა.

„ჩვენ ვიხილეთ კადრები, რაც გავრცელდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და  რომ გითხრათ, ვინმეში კმაყოფილებას იწვევს ეს, ალბათ, არა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, არც თქვენში და არც არავისში. თუმცა სულ ორი გზაა იქ  –  ერთი, რომ იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია, ან მეორე – ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მეორეში, მაინტერესებს  – თუ ნამდვილად ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს მას, მძიმე, თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვს დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს. მე მესმის, რომ პერსონალური მონაცემებია და ამას აქ ვერ მეტყვით, მაგრამ ნუ შეფასება თუ არის სათანადო გაკეთებული“, – მიმართა მან რატი ბრეგაძეს.

იუსტიციის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარული სხდომა.