„ქართული ოცნების” კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს სტატუსი აღუდგინა.
თეატრალური უნვერსიტეტის ეთიკის კომისიმ 10 მარტს 10 სტუდენტს პროტესტის გამო სტატუსი შეუჩერა. წინა დღს, 9 მარტს უნივერსიტეტის შენობაში პროტესტში ჩართულ სტუდენტებთან სამჯერ გამოიძახეს პოლიცია. მეორედ მოსვლის დროს მათ უნებართვო პროტესტისთვის 5000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს, მესამედ მოსვლის დროს კი იძულებით დაატოვებინეს უნივერსიტეტის შენობა.
სტუდენტებმა გუშინ, 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერი მოითხოვეს – მაუწყებლის ეთერში მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი იყო.
საბოლოო გადაწყვეტილებით, თეატრალურის რექტორისა და სტუდენტების ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა.
დღეს, 13 მარტს ბექა დავითულიანმა სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილებასთან ერთად თქვა, რომ „აღარ დარჩა სატელევიზიო დებატების სივრცე”.
„[შალუტაშვილმა] დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს შესაბამისად, საკითხი ამოწურულია.
სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება”. – თქვა დავითულიანმა.
კომენტარი მან 3 სამთავრობო მედიასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.
დავითულიანის ამ განცხადების პასუხად თეატრალური უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა თქვეს, რომ მათ სტატუსის აღდგენის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ამასთან ერთად, ისინი კვლავ აპირებენ, შეთანხმებისამებრ, ხვალ მოითხოვონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი.
„ჩვენ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, გავერიცხეთ უნივერსიტეტიდან, უკან ვერ წაიღებენ. ჩვენ ამ უსამართლობას მაინც გავაპროტესტებთ. ხვალ 22:00 საათზე მაინც არის ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელში და ჩვენ პირადად მოვთხოვთ პასუხს გიორგი შალუტაშვილს იმაზე, თუ რატომ მიიღო ჩვენი გარიცხვის გადაწყვეტლება”. – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, მაშო მაყაშვილმა.
განახლება:
ბექა დავითულიანის შემდეგ განცხადება გააკეთა თეატრალურმა უნივერსიტეტმაც:
„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა”.