დავითულიანი თურნავას: როდის დასრულდება ამ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის აღწერა

პუბლიკა

მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, ეკონომიკის მინისტრს მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის შემდეგ კითხვა დაუსვა. დეპუტატის შეკითხვა ეხებოდა საინვესტიციო პოტენციალის აღწერას, ჰესებთან დაკავშირებით სახელმწიფოს საქმიანობას და სამშენებლო ბიზნესს.

„პირველი შეკითხვა ეხება სოცდაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების გამოყენების ინიციატივას. რა ეფექტს იქონიებს ეკონომიკაზე ეს ინიციატივა. თუ დასრულდა საინვესტიციო პოტენციალის აღწერა ამ ქვეყნის, მათ შორის იმ სახელმწიფო საწარმოების გამოკვეთა, რომელიც გასასხვისებელია და როდის შეიძლება ამის იმედი გვქონდეს, რომ დასრულდება.

ჰესები – რამდენი მემორანდუმი აქვს გაფორმებული სახელმწიფოს, რამდენია შესრულების პროცესში და რამდენი გაჩერებული.

ამ ნაწილში ხომ არ აჯობებდა, მოსახლეობის პირდაპირი ინტერესი გაგვეჩინა, რომ მათი განწყობა შეცვლილიყო ჰესების მიმართ და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დარგის მეტი აქცენტირებისთვის ენერგეტიკის სამინისტრო ისევ გამოეყოს ეკონომიკის სამინისტროს. სამშენებლო კომპანიებს აქვს შემდეგი ტიპის პრობლემები: ტენდერში გამარჯვების შემდეგ ამდენს ხარჯავს სახელმწიფო, მილიარდზე მეტს და, პრაქტიკულად, ყველა გაკოტრების პირას არის“. – განაცხადა ბექა დავითულიანმა.