„დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის“ – „სირცხვილია“ მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის“, – მოძრაობა „სირცხვილია“ მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ბოლო რამდენიმე წელია, მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის ქონისა, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავდა და ხედავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი თავისუფალი არჩევნები – ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა. არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

„ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.

ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება. ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ვიცე-მერობის კანდიდატებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გუშინ ბრძოლა კი არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება.

მელიამ კონკრეტულ გეგმაზე სასაუბროდ ამომრჩეველს დღეს, საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.