დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, მაგრამ მასში ზოგიერთი პარტია არ მონაწილეობს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მზადაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს და ინკლუზიური პროცესი წარმართოს. მისი თქმით, მთავრობამ კარი გაუღო ყველას, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ პრემიერმა ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ მაშინვე, როგორც კი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაცხადდა, პირველ ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, კონკრეტული ვადებით თითოეულ პრიორიტეტზე და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება.

თუმცა, გულისტკენით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას.

ჩვენ განვაგრძობთ ერთგულად მუშაობას ასოცირების შეთანხმების სრულად შესრულებისთვის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ ახლახანს მივიღეთ ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც ასახავს ჩვენს ამბიციურ მიზნებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ასოცირების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.