დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ დავრწმუნდა, „პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს“.

„ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს“, – განცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტს პროცესის შესახებ ძალიან სწორი ხედვა აქვს. ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება

„რადგან ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები – ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ, ჩემთვის ეს იქნება ცენტრალური თემა ამ პროცესში. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის სააკაშვილის საკითხი და ეს არის აუცილებლად მოსაგვარებელი. რა ფორმით, როგორ, ზოგადად როგორ გადაიჭრება მართლმსაჯულების საკითხები, ამ ფორმას მე არ ვარჩევ, ეს უნდა იყოს შეთანხმების საკითხი“, – გაანაცხადა ხოშტარიამ.

„დროას“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც არ იქნება მოჩვენებითი და ყალბი, მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა, „იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზების არის სწორი“.