„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით.
„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია.
მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახელობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.