„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ოპონენტების მოსაზრებებს უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოყენებულ შეზღუდვებს, შესაძლოა, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდეს.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ამგვარ განცხადებებს პანდემიის პირველი ტალღიდან ისმენს.
„იგივე ხდება დღეს, იგივე განცხადებები, იგივე პროტესტი გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენ საკუთარი თავების და ქვეყნის მტრები ხომ არ ვართ? ჩვენ რაზეც ყველაზე მეტად ვზრუნავთ არის ის, რომ როგორმ დავიცვათ ერთმანეთი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ამ მიმართულებით შეზღუდვები არ იქნება და ადამიანებს თავისუფლად ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო კმპანია ჩაატარონ, შეხვდნენ ამომრჩევლებს მეორე ტურის წინ, გააცნონ ხედვები… ამის შეზღუდვა არც პირველი ტალღის დროს ყოფილა და არც დღეს იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ექნება თუ არა ოპოზიციას ღამით საპროტესტო აქციების ჩატარების შესაძლებლობა მეორე ტურამდე (ისე, როგორც დღეს, მაგალითად).
„რა თქმა უნდა, ექნებათ, რა პრობლემა არის. მათ ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტმა დააზუსტა – მეორე ტურამდე საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იქნება დაწესებული?
„შეზღუდვებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თუკი იქნება მიღებული, ეს არც ჩემი გადასაწყვეტია,არც რომელიმე მინისტრის. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც არის მინისტრთა კაბინეტი, ხელმძღვანელობს პრემიერი, იქ არის ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები და რჩევებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილ სცენარს.
ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, როგორ აისახება „ქართული ოცნების“ იმიჯზე ის, რომ არ ეყოლება მას პარლამენტში ოპოზიცია.
„ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს პოლიტიკური პარტიები შევიდოდნენ პარლამენტში და იქ გააგრძელებდნენ მუშაობას. ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ 9 პარტია მოხვდა, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია.
თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს იქნება ძალიან ცუდი და იმედი მაქვს, მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდათ მათ, მათი მხრიდანაც იქნება ღირსეული პასუხი ამომრჩევლების მიმართ და გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.