დებატები სააკაშვილის საკითხზე - რა თქვეს ევროპარლამენტარებმა

პუბლიკა

გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატები მოითხოვა. მის წინადადებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

დებატები დღეს გაიმართა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, მთავარი პასუხისგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

ევროპარლამენტარები მოითხოვენ, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გახდეს შესაძლებელი.

გთავაზობთ ამონარიდებს ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან. სინქრონული თარგმანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეკუთვნის.

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი: 

„ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე,  ბატონი სააკაშვილისა, საფრთხის ქვეშ დგას. საქართველოს მთავრობის ეს სამარცხვინო ქცევა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს მთავრობას, მისცენ უფლება, რომ საზღვარგარეთ მიიღოს სამედიცინო დახმარება. საქართველოს მთავრობა სრულიად პასუხისმგებელია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ასევე, პასუხისმგებელი იქნება, თუკი მას რამე მოუვა“.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი:

„საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება იძახის, რომ არის პროევროპული და თავს უკავშირებს დასავლეთს, ამავდროულად საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გვაჩვენებს გარკვეულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც შეცვალა საქართველო, ახლა 16 თვეა, დაპატიმრებულია. მოვითხოვ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, საზღვარგარეთ წავიდეს სამედიცინო დახმარების მისაღებად. შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა დაკარგავს თავის ევროპულ სახეს, არის ძალიან დიდი”.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: 

„რამდენიმე წლის წინ პუტინმა პირადად აღწერა მოპყრობა, რომელიც უნდოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როგორც სხვა ნებისმიერ პირს, სააკაშვილს ჰქონდა უფლება სამშობლოში დაბრუნების, ამიტომ ის დაბრუნდა… მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაუშვას ის იმისათვის, რომ მან მიიღოს სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ეს ძალიან იმოქმედებს საქართველოს მომავალზე“.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: 

„წინა შემთხვევაშიც ჩვენ გავიმეორეთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, ყველანაირი ზომა მიიღოს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად. მათ აქვთ კანონიერი ვალდებულება, ყველა პატიმარს მიეცეს ჯანდაცვაზე წვდომა და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული… ევროკავშირის პოზიცია ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედონ, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში. …მგონი, ყველას ინტერესში შედის, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიერ. ევროკავშირი სრულიად მზადაა, რომ ქართველ პარტნიორებს დაეხმაროს ამ სიტუაციაში”.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: 

„არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, მაგალითად ის, რომ ჩვენ რამეს გვიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი რამაც მსმენია. ჩვენ გვაღელვებს ეს, რადგან ასეც უნდა იყოს. ესაა ღრმად პოლიტიზებული საქმე, ადამიანი კვდება ციხეში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად”.


გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ  მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა. მანვე მოითხოვა უკრაინულ ენაზე მიმართვა.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა…  თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული“, – თქვა მან.