„ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში“ - რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ  მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებულია. შემდეგ მან მოითხოვა უკრაინულ ენაზე საუბრის გაგრძელება.

მან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესა და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა, როგორ გამოიყურება ფიზიკურად.

„ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის… ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მინდა მოგმართოთ თქვენ – ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს, “- თქვა მან თვის უკრაინულ მიმართვაში. სრული ციტატა ეკუთვნის „მთავარ არხს“.

მან ასევე თქვა, რომ თავისი მთელი ცოდნა მისცა საქართველოს. „ ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება  მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული.”

ამის შემდეგ დისტანციურად ჩართვა შეწყდა. სასამართლო პროცესი გრძელდება სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის გამოკითხვით.