დრო არ მაქვს, თუმცა დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი - გახარია პარტიულ დებატებზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა საარჩევნო დებატებში მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, ცნობილია, რომ გიორგი გახარია დებატებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს.

„პოლიტიკური დებატები, მათ შორის, პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ  ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული.

ეს საუბარია პარტიულ დებატებზე. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უბრალოდ, მე ამისთვის ფიზიკურად დრო არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, პარტიული დებატები იქნება, მე არასოდეს არ გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას“, – განაცხადა პრემიერმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ლოტოტრონის პრინციპით შერჩევის საფუძველზე „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დებატები, კიდევ 2 პარტიასთან ერთად, 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა პარტია „ქართული ოცნებიდან“ დებატებში მონაწილეობას გიორგი გახარია.