დეგნანი: უცნაურია, მიესალმო სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ნამდვილად ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღი ახლა რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, თუ პუტინს საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა სურს, მაშინ გაიყვანოს რუსული ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

„აშშ ვერ გააკეთებს შეფასებას, რამდენად მოახდენს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ზეგავლენას, თუმცა გეტყვით, რომ ნამდვილად ჩნდება კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს ახლა. ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს. ვიცით, რომ ის ძალიან ხშირ შემთხვევაში თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ყოფნას იყენებს ხოლმე იმის საბაბად, რომ შეიჭრას ქვეყანაში. საქართველოში უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 100 000 რუსია შემოსული და როგორც აღინიშნა, ამ პირდაპირმა ფრენამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი რუსი ვიზიტორი. შესაძლოა, დაახლოებით მილიონი რუსი ვიზიტორი შემოვიდეს საქართველოში.

თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ გაიყვანოს რუსეთის ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.

ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას ისე, როგორც თავს ესხმოდა საქართველოს 15 წლის წინ.  საქართველოში მისი სამიზნე ომის დროს იყო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ბავშვები და ამიტომ ძალიან უცნაურია, მიესალმო ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა ჟურნალისტებთან კელი დეგნანმა.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. – ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.


2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.

2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.