დეკანოიძე: შევიკრიბოთ ყველა და ძალიან სწორი, კატეგორიული, ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას

პუბლიკა

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ამბობს, რომ ახლა ტელევიზორთან ჯდომის დრო არაა, ყველა უნდა გავიდეს პარლამენტთან, აქციაზე და ერთად უნდა გასცენ „კატეგორიული და ხისტი“ პასუხი ხელისუფლებას.

დეკანოიძის თქმით, ამ კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები იძულებულები არიან, რომ პარლამენტის შენობა სპეცრაზმის დახმარებით დატოვონ. „გაიპარონ”, როგორც დეკანოიძე ამბობს.

„მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ საქართველო თუ ამ კანონს ხელისუფლება მხარს დაუჭერდა, ვეღარ გახდებოდა ევროკავშირის წევრი. დღეს კობახიძეს ზუსტად ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჰქონდა შეხვედრა. მიუხედავად ამ კატეგორიული გაფრთხილებისა, დღეს 83-მა ადამიანმა ამ დარბაზში ხელი მოაწერა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას . გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ ხალხი, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც და ოჯახებიც ყველა გარეთ არის. თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, მე გთხოვ, ახლა ტელევიზორებთან ჯდომის დრო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ძალიან სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე. როცა ამ კენჭისყრის შემდეგ იძულებულები იქნებიან, რომ სპეცრაზმის საშუალებით გაიპაროს ყველა პარლამენტის შენობიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძემ მიმართა შს მინისტრს, პრემიერ მინისტრს და პოლიციას, რომ „თავი დაანებონ ახალგაზრდებს. არავის ჩამოუვარდეს ბეწვი და თითი არავის დააკაროთ” – თქვა დეკანოიძემ.