დეკანოიძე: თუ პარტია ამ ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „TV პირველის“ ეთერში პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ პარტიის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა და ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გეგმა როგორ გადაჭრის ამ ამოცანებს. მან ასევე პირად დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ეს დაპირისპირება, რაც სოციალურ ქსელშია მათ მომხრეებს შორის არ ეხილა.

„თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და ასევე, მე პირადად, არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ – ორი ამოცანაა: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია],  ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში, “- თქვა მან.

მან პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატზე ლევან ხაბეიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პატივს სცემს მას როგორც „ანტიკორუფციულ აქტივისტს”.

„… მე არ ვიცი ვის ვინ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში, ეს ლევანის გადასაწყვეტია – ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ უჭერენ, რა არის მისი დამოკიდებულება. მე ვერ გეტყვით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი, მაგრამ მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდი პატივს, ის არის ჩვენი დეპუტატი, ჩემი მეგობარი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს, თავმჯდომარისთვის, თორემ მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა, ვთქვათ, “- თქვა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იზიარებს თანაგუნდელების პოზიციას, რომ ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს პარტიაში როგორმე პარტიის სიძლიერეს ეხმარება. თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების მომხრე ყოველთვის იყო.

ხატია დეკანოიძეს მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა.

„რაც შეეხება ხატიას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხატია დეკანოიძის კანდიდატურას ლევან ხაბეიშვილი მხარს დაუჭერდა. რაც შეეხება მის პოზიციას, ეს მისი პოზიციაა, მე მივესალმები, ხატია ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და თანამებრძოლია, ყველას აქვს თავისი აზრი.

რაც შეეხება, რატომ ვფიქრობ, რომ მე გავიმარჯვებ, ამას არჩევნები გვანახებს. მე გავქაჩავ კიდეც, საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ, პარტიულ ინფრასტრუქტურასაც ავადუღებთ, ხალხსაც გავააქტიურებთ და გადამწყვეტ ბრძოლასაც დავიწყებთ“, – განაცხადა მან „ტელეკომპანია პირველთან“.